logo
ENG



"ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ" - კობახიძე საგამოძიებო კომისიაზე

18 აპრ 202321:44
3 წუთის საკითხავი
 
"ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ" - კობახიძე საგამოძიებო კომისიაზე

"ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ" - ასე ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მოთხოვნას, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რაც დღეს ოცნებამ პარლამენტში კენჭისყრაზე ჩააგდო.

კობახიძე ამბობს, რომ უმრავლესობა სასამართლოსთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მიერ კომისიის შექმნას ვერ განიხილავს.

"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს პოზიცია ბოლომდე გავიტანოთ, რომ ნაცმოძრაობამ სასამართლოსთან დაკავშირებით არ შექმნას კომისია. ეს არის პრინციპული პოლიტიკური პოზიცია ჩვენი მხრიდან. ნაცმოძრაობამ არ შეიძლება საქართველოში შექმნას კომისია სასამართლო საკითხებთან დაკავშირებით, ის არის სისხლიანი პოლიტიკური პარტია, რომელმაც შექმნა სისხლიანი სისტემა, რომელმაც 9 წლის განმავლობაში შეიწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. შესაბამისად, ამ კრიმინალურ პოლიტიკურ ძალას ვერ მივცემთ სასამართლოს თემებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას.

ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით განვიხილოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ კომისიის შექმნას სასამართლოსთან დაკავშირებით. ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია", - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი. რეგისტრაცია პარლამენტის 51-მა დეპუტატმა გაიარა. კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ვერ შედგა.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, არ გაიაროს რეგისტრაცია კენჭისყრამდე, რასაც "მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის აქტი უწოდა".

6 აპრილს საპარლამენტო ოპოზიციამ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, სადაც იმ კორუფციულ საქმეებს შეისწავლიან, რაზეც საუბარია მოსამართლეების სანქცირების წერილში. 


close დახურვა